ბრიუსელში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. მათ შორის, არც დაკავშირებადობის მინისტერიალში. როგროც "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანას შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. უწყების განცხადებით, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. მათივე თქმით, აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც შესაბამისს დონეზე არ ხდება ქვეყნის მიწვევა, როცა საქართველო ევროკავშირისთვის დაკავშირებადობის და შუა კორიდორის თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელობის ქვეყანაა, ევროკავშირისთვის მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა და არა პირიქით:
"როდესაც ხარ ევროკავშირი და შენთვისაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან, დაკავშირებადობის, შუა დერეფნის და მთელი რიგი საკითხებიდან გამომდინარე, არ უნდა დარჩე ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის და საკუთარი დაზიანებისკენ არის მიმართული, რაც არაერთხელ გვინახავს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ ყველაფერს ვხედავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთია შედეგი. ჩვენ ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველა პოზიციას ვაფიქსირებთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც შესაბამის დონეზე მოწვევა არ ხდება და ვინმე ბრიუსელის ბიუროკრატი ცდილობს, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას ზემოდან უყუროს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.