პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილები - "ქართული ოცნება" გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველი კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ნდობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ არის ძალიან დაბალი.
"ჩემი კოლეგის პოლიტიკური განცხადება ეყრდნობოდა იმ რეალობას, რომელიც არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში.
ნდობა, რა თქმა უნდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ არის ძალიან დაბალი, ვიკა ფილფანმა თქვა თავისი პოლიტიკური განცხადება.
ის შეეხო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. დღესდღეობით, რეალობაა ის, რაც ყოველდღიურად ქუჩებში გვხვდება - კრიმინალი გაზრდილია", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.