15 სექტემბერი 2026,   23:44
ვრცლად
"კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ამის უფლება ჩვენს პარტიას ჰქონდა და ეს იმ ეტაპზე გავაკეთეთ, როცა მიზანშეწონილად ჩაითვალა" - თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენს. საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.

მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ პარტიას აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, ვერ გამოდის საბოტაჟის რეჟიმიდან და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას.

"ესა თუ ის პარტია შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, მაგრამ სხვა პარტიების დროსაც გაკეთდა, როცა დაემატა [აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს], უბრალოდ, არ ქმნიდნენ საფრთხეს, რომ ისეთ ვითარებას შექმნიან პოლიტიკურ ველზე, რომ აუცილებელი იყოს მათი არაკონსტიტუციურობის საქმის განხილვა. იმ ეტაპზე, როდესაც ეს კეთდებოდა, ჩაითვალა, რომ ასეთი საფრთხე შეიძლება არ ყოფილიყო, რომ ისინი აბინძურებენ, ამ თავისი არაკონსტიტუციური ქმედებებით, პოლიტიკურ ველს საქართველოში... და მაშინ, იმ ეტაპზე, ეს არ გაკეთდა. თუმცა, შეიძლება მაშინაც ჰქონოდა ჩვენ შორის მოსაზრებას ადგილი, რომ მოდი, ახლავე გავაკეთოთ, მაგრამ გამოითქვა საპირისპირო აზრიც, რომ ახლა, მოდი, კონცენტრაცია გავაკეთოთ სხვა პარტიებზე, რომლებიც უფრო გამოკვეთილად არიან და დიდი მტკიცება არ დასჭირდებათ მათ არაკონსტიტუციურობას. ნელ-ნელა მომწიფდა აზრი, რომ არ შეიძლება, ეს პარტიაც უყურადღებოდ დარჩეს და როდესაც მომწიფდა ეს აზრი, ითქვა ეს და გაკეთდა. ასე რომ, კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ამის უფლება ჩვენს პარტიას ჰქონდა და იმ ეტაპზე გავაკეთეთ, როცა ეს მიზანშეწონილად ჩაითვალა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

 

დღის ამბები