14 სექტემბერი 2026,   18:13
ვრცლად
"იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილს დაეწყო ღრმა დეპრესია - ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა, რეალურად, "იმედის" მოვლენებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე - ირაკლი რუხაძე

საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის - მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე. მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლე, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს "იმედში" განვითარებულ მოვლენებს შეეწირა.

ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდებას ედავება. სააკაშვილთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

"მე ეს ჩვენება მიცემული მაქვს 2014 წელს, თუ არ ვცდები, მერე დავიკითხე 2016-ში. მე ვთქვი, რომ, "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, მას დაეწყო ღრმა დეპრესია, რომლიდანაც გამოვიდა იგი და დაიწყო გამოსვლა დაახლოებით, ალბათ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაგრამ, ამ დროის განმავლობაში, მან დაკარგა ძალიან დიდი წონა, იყო ცუდად, არ დადიოდა ექიმთან, ვერ აიძულებდნენ, რომ ექიმთან წასულიყო და ამიტომ დაიძინა, ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ასე პირდაპირ ვერ დავაკავშირებ ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ამას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა მის ცხოვრებაზე და მე მგონია, რომ ბოლოსდაბოლოს ეს ყველაფერი, რაც მოხდა და ის სიკვდილი... 52 წლის იყო ბადრი პატარკაციშვილი რომ გარდაიცვალა, და მერე ყველაფერი შეამოწმეს, ყველაფერი ნახეს და, რეალურად, მოკლული არ იყო და გარდაიცვალა იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, მიიყვანა თავისი თავი ამ მდგომარეობამდე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

 

 

დღის ამბები