უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვა დაიწყო. პროცესი 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს ან გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში მოხვედრა ვერ შეძლეს, თუმცა დააკმაყოფილეს პროფესიული პროგრამების მოთხოვნები.
"მნიშვნელოვანია პროგრამების არჩევისას აბიტურიენტმა გაითვალისწინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, პროგრამისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა, მიმდინარე კონკურსი და აგრეთვე ყურადღება მიაქციონ ქალაქს, სადაც ხორციელდება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა. ასევე, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ, რომ მეორადი ჩარიცხვების ფარგლებში მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის როგორც საბაკალავრო, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი.
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესახებ ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის და ის განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმასა და გარდამავალ პერიოდში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.