"ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და ვართ GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას. Nasdaq-ი, ვაერთიანებთ საზოგადოებებს, ეს არის კომპანიის დნმ-ი და არსი, რადგან ისტორიულად ჩვენ ბაზრებს ვმართავთ. აქ, Nasdaq-ის ფინტექი ასევე უზრუნველყოფს ტექნოლოგიას საქართველოს ფინანსური საზოგადოების გასაერთიანებლად, რათა გაუმჯობესდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა", - ამის შესახებ "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე" Nasdaq-ის მმართველმა დირექტორმა ვინსენტ ლემარმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება.