10 სექტემბერი 2026,   20:18
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარე რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან გამართა. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო შუალედური არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების სწორად და თანმიმდევრულად განხორციელებაზე, ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხზე და საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საოლქო და საუბნო დონეზე არსებული მზადყოფნის შეფასებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, 3 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც ყველა სხვა შუალედური თუ საერთო არჩევნები, მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდება და თითოეულმა საარჩევნო ადმინისტრატორმა საკუთარი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა განახორციელოს.

სამუშაო შეხვედრას ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე ესწრებოდა ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და რეგიონული კოორდინატორი ზვიად თენეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

დღის ამბები