10 სექტემბერი 2026,   17:32
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება და ეს არის რასაც ვაკვირდებით. ოპოზიცია თავადვე ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიაში შავი ფული ტრიალებდა

პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე საუბრობს. მისი თქმით, შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება და პროცესები, რომლებიც ძირშივე მოწამლულია, კარგი შედეგით ვერ დასრულდება.

როგორც დღეს პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები დადებითია, რადგან საზოგადოება იგებს იმ დეტალებს, რაც მანამდე საჯაროდ ასე მკაფიოდ არ ჩანდა. კერძოდ, უცხოური წყაროებიდან სხვადასხვა არხის გამოყენებით ქართულ პარტიებში ფულის შემოდინებასა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა 40 მილიონსა და ნიკა გილაურთან დაკავშირებულ თემაზე და ეჭვქვეშ დააყენა ვარაუდი, თითქოს ეს თანხა კერძო პირის საკუთრება იყო. მისი შეფასებით, კონკრეტული ადამიანები უბრალოდ არხებად გამოიყენებოდნენ, რათა უცხოური დაფინანსებით საქართველოს არჩევნებში ჩარევა მომხდარიყო.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი, კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება და ეს არის რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ის, რაც ძირშივე არის მოწამლული, იქიდან კარგი არაფერი გამოვა და ამას ვხედავთ საბოლოო ჯამში და კარგია, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ პროცესს, იმიტომ, რომ საზოგადოება იგებს ბევრ ისეთი რაღაცას, რაც შეიძლება ჩვენ ვიცოდით და საზოგადოებისთვის საჯაროდ არ ჩანდა. ჩვენ ვამბობდით, რომ, მათ შორის, მაგალითად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას რაც შეეხებოდა, რომ უცხოეთიდან ხდებოდა სხვადასხვა არხების გამოყენებით ფულის შემოდინება პარტიებში.

ახლა საუბრობენ 40 მილიონზე და გილაურზე, რა გონიათ ახლა, მისი ფული იყო? ესე გამოიყენებოდა არხები სხვადასხვა ადამიანების იმისთვის, რომ უცხოეთიდან ფული შემოსულიყო და ჩარევა მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში და დაფინანსებულიყო. ასე რომ ძალიან კარგია ამ 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება და ყველაფერი ნელ-ნელა ცხადი ხდება. ერთი, რომ ადასტურებენ თავად თავისივე განცხადებებით, რომ შავი ფული ტრიალებდა მათ საარჩევნო კამპანიაში, ადასტურებენ თავად, რომ აქედან გამომდინარე არადეკლარირებულ შემოსავლებთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ფიქტიური ჩარიცხვები და გამოყენება ადამიანების ჩარიცხვებისთვის, იმისთვის, რომ გათეთრება მომხდარიყო პოლიტიკური შემოწირულობების და სხვა ასეთი არხები გამოიყენებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან ფულის შემოდინებისთვის საქართველოში და რისთვის მოდიოდა ეს ფული ნახეთ 2024 წელს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები