დაპირისპირება და ახალი ბრალდებები ოპოზიციურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობას", "ახალსა" და იაგო ხვიჩიას შორის ღია თავდასხმების მიზეზი ისევ ფინანსური გარიგებები, 40 მილიონი და ნიკა გილაურის თემაა.
ანა წითლიძე გვარამიასგან ისევ "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრის დასახელებას ითხოვს, რომელიც გილაურთან შუამავალი იყო. გვარამიას პარტია ახალ ბრალდებას უყენებს იაგო ხვიჩიასაც და ამბობს, რომ ის კოალიციის შექმნის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" დაშლის. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირებას თვითლუსტრაციად აფასებს მმართველი გუნდი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, პარადოქსია, როდესაც ნიკა გვარამია სხვას ეძახის იაგოველებს და თვითონ ჰყავს კოალიციაში იაგო ხვიჩიას ყოფილი თანაგუნდელი.
"ნამდვილად პარადოქსია, როდესაც მას ჰყავს კოალიციაში იაგო ხვიჩიას ყოფილი თანაგუნდელები და სხვას უწოდებს ხვიჩიას, არ ვიცი იაგოველებს ეს ხომ ცილისწამებაა? ის ცდილობს ნიკა გილაურის ნაცვლად ისაუბროს, ჩვენ ვსვამთ კითხვებს იქიდან ვიღებთ ცილისწამებებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.