გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში, რათა არსებული პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული.
"გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ამ ფონზე, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში არის 24 %-ით გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, ამ ყველაფერს აქვს, ბუნებრივია, თავისი პოლიტიკური კონტექსტი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე მქონდა სამი სხვადასხვა სახელმწიფო ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ორი შუააზიელი პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი.
ასევე, ჩინეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ კუთხით. ჩვენ გვაკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, იზრდება ზოგადად შუა დერეფანში ტვირთბრუნვა, მათ შორის პორტებში იზრდება ტვირთბრუნვა. ძალიან დადებითი დინამიკაა, შვიდჯერ არის დაახლოებით ტვირთნაკადი გაზრდილი 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში და ამით ძალიან კარგად სარგებლობს ჩვენი ქვეყანა და, ბუნებრივია, მომავალშიც არ უნდა მოვაკლოთ ძალისხმევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით.
ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, აღმოსავლეთს და დასავლეთს. მთავარია, ყურადღება არ მოვადუნოთ, არის არაერთი გამოწვევა, ამას რომ თავი დავანებოთ, რეგიონში არის მიმდინარე ომი. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პოტენციალის ათვისებაზე. ამისათვის არის დაგეგმილი 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება მომდევნო წლების განმავლობაში საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში. ეს არის, სწორედ, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანა - რომ არსებული პოტენციალი სრულად ავითვისოთ,"- აღნიშნა პრემიერმა.