07 სექტემბერი 2026,   13:18
ვრცლად
საქართველოს აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებაში, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ამ ხიდის შექმნაში - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი

"საქართველო გახლავთ არა მხოლოდ საზღვაო ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ რესურს, განსაკუთრებით მეზღვაურების თვალსაზრისით. ჩვენ ვიდეოში ვიხილეთ 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება პორტში, ინფრასტრუქტურაში და ფაქტი, რომ 20%-ზე მეტით იზრდება ტვირთების დამუშავება," - ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანმა, არსენიო დომინგესმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებაში.

"საქართველოს აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ეს გახლავთ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ კიდევ უფრო მაღალი მნიშვნელობით, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ნეგატიური გეოპოლიტიკური ეფექტი სუფევს და ტვირთი, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვერ მიაღწევს საბოლოო დანიშნულების წერტილს გადაზიდვის სირთულეების თვალსაზრისით აღნიშნულ რეგიონებში. გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ ვნახოთ გამოსავალი ამ კონფლიქტების პარალელურად, რომ გადაზიდვა დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომელიც იყო და ამ პროცესში საქართველოს უდიდესი როლი აქვს," - განაცხადა არსენიო დომინგესმა.

ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალისა და შავი ზღვის დერეფნის განვითარებაზე. იმართება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაცია.

ფორუმის მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, "შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.

წელს ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს ექნება. საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

დღის ამბები