აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს.
მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ყურადღება ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე გაამახვილა. ბოლო 7 თვის მონაცემებით, აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, ჯამში კი რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდა.
ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად ზღვისპირა მუნიციპალიტეტებთან ერთად, მთის განვითარება რჩება, კურორტ გოდერძიზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე - იგეგმება მსხვილი საინვესტიციო და საზღვაო ფორუმის გამართვაც.
პარალელურად, აქტიურად ვითარდება საგანმანათლებლო და სოციალური ინფრასტრუქტურა. ახალ სასწავლო წელს ბათუმი 4 ახალი და 2 რეაბილიტირებული სკოლით ხვდება, რეგიონში კი სულ 25 სკოლა განახლდა. გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაც.
ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო ე.წ. ოცნების ქალაქშიც, ამავე ტერიტორიაზე სკოლის მშენებლობისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა.