01 სექტემბერი 2026,   21:43
ვრცლად
"ბრალდებულები თავადაც გახდნენ ცუდად ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, თუმცა ამის შესახებ დაურ ბუავას ან მესამე ბრალდებულს არ შეატყობინეს" - პროკურორი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

როგორც პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა. გამოძიების ინფორმაციით, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა გამომშრალ მარიხუანას.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია, რომ მას არავისთვის არაფერი არ გადაუცია და ძალიან მცირე ოდენობის მარიხუანა შენახვის გამო არის დაკავებული. ვერაფერს ვერ დავადასტურებ ამ მომენტში საერთოდ“, - აცხადებს ადვოკატი გიორგი მეგრელიშვილი.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებულმა თავადაც მიიღო ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ დაურ ბუავამ მოიხმარა. მისი თქმით, ბრალდებულები ჩვენებებში ადასტურებენ, რომ, ნარკოტიკის მიღების შემდეგ, შეუძლოდ გახდნენ, თუმცა ამის შესახებ ბუავასა და მესამე ბრალდებულისთვის არ უცნობებიათ.

პროკურორის შეფასებით, აღნიშნული გარემოება ბრალდებულთა პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„მათ თავადაც მიიღეს ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაურ ბუავამდე მივიდა, რომელიც მანაც მოიხმარა და ორივე ბრალდებული თავადაც აცხადებს ჩვენებებში, რომ გახდა ცუდად ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად. თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთ მათგანს არ შეუტყობინებიათ ბუავასთვის ან მესამე ბრალდებულისთვის, რომ ასეთი შედეგი მოყვა ნარკოტიკული საშუალების მიღებას და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ მათი ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მორალური თვალსაზრისით.

ერთ-ერთ მათგანს ედება სხვა დანაშაულებთან ერთად ის, რომ უშუალოდ მან გადასცა მესამე ბრალდებულ ქალბატონს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მან შემდეგ დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა აქვს წარდგენილი ბრალად, მას თავადაც აქვს ნათქვამი, რომ წარსულში დაურ ბუავასთან ერთად მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მისი იყო, ასე ვთქვათ, და მას ჰქონდა მოპოვებული“, - აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები