10 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
"ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული" - მალხაზ თოფურია

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენება დღეს ვეტერანებმა მალხაზ თოფურიამ და გია ნიშნიანიძემ მისცეს. პროკურატურაში იმყოფებოდა ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძეც. უწყებამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.

აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, გია ბარამიძის განცხადება რუსეთისა და სეპარატისტული ძალების ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, ბარამიძე აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე არ ყოფილა და არ აქვს საფუძველი, ქართველი მებრძოლების მიერ ტყვეების დახვრეტაზე ისაუბროს. თოფურია ბარამიძისგან კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვს.

"ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს. თან არანაირი სინანული, არის ადამიანს რაღაც სისულელე წამოსცდეს, ჯერ რა იცის, წინა ხაზზე არ ყოფილა, ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული. ტყუილია, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოვებული და გაპრიალებული დასეირნობდა.

მიზანი ერთი აქვს, გაბედნიერდა სეპარატისტული მთავრობა და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული, იმიტომ, რომ ქართველები ჩავდიოდით და ვხვრიტავდით აფხაზებს, ხოლო აფხაზები რუსული დისციპლინით გამოირჩეოდნენ, რაც სიკეთეს ნიშნავს, ქართველობა ბოროტებას. რახან ამას ამბობს, ესე იგი თვითმხილველია თუ ჭორიკანაა, ეგეც უნდა ვიცოდეთ.

დაადოს ხელი მხრეტავ ადამიანებს. აი ვთქვათ მე ვარ ერთ-ერთი, ხო? ვხვრიტავდი მე? ვეკითხები მე დამიხვრეტია ვინმე? მაგას ომი ნანახი აქვს მხოლოდ და მხოლოდ კინოთეატრებში. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავის ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს", - აცხადებს აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია.

დღის ამბები