რატომ იქცა რუსეთი ომის დამნაშავედ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ქართული მიწა იბომბებოდა და ქვეყანაში დამანგრეველი შედეგი დადგა? უკვე მეექვსე დღეა, ერთიანი პოზიცია არ აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ნაწილი დუმს, ნაწილი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, დანარჩენები კი ხელს ევროპისკენ იშვერენ და რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას სწორედ ევროპულ ძალებს აბრალებენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, მაშინ არაღიარების პოლიტიკას საქართველოს მხრიდან სჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ "ქსენოფობები არ ვართ".
"მაშინ, არაღიარების პოლიტიკას სჭირდებოდა ქართველების მხრიდან, საქართველოს მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ არ ვართ ქსენოფობები, მათ შორის, არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ ისე, რომ ჩვენი ბრალი იყოს რაიმე ამ კონფლიქტში. მარტივი პოლიტიკური მოცემულობაა, ქვეყნისთვის აუცილებელი გახლავთ სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დიპლომატიური ძალისხმევა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე დისკუსია პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ დასვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის, რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქართველო იბომბებოდა. რატომ დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქტიური ანტირუსული კამპანია მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ ვერ გახდა მათთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი, რომელმაც ქვეყანას დამანგრეველი შედეგები მოუტანა?