10 აგვისტო 2026,   06:13
ვრცლად
ძალიან გაბედნიერდა სეპარატისტული მთავრობა, ძალიან გაბედნიერდა რუსეთი, სავარაუდოდ, ბარამიძეს აქვს შეკვეთა რომელიღაც კონკრეტული ქვეყნიდან და ამ შეკვეთას ბოლომდე ასრულებს - თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა გამოკითხვებს მომდევნო კვირიდან განაგრძობს. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს აფხაზეთის ომის ვეტერანების, თავდაცვის ყოფილი მინისტრის - გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილისა და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრის - პაატა ზაქარეიშვილის ჩვენებები.

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია აცხადებს, რომ გია ბარამიძემ, საკუთარი განცხადებით, "სეპარატისტული მთავრობა და რუსეთი გააბედნიერა". მის განმარტებით, სავარაუდოდ, ბარამიძეს აქვს კონკრეტული ქვეყნიდან შეკვეთა და "ამ შეკვეთას ბოლომდე ასრულებს".

"ძალიან გაბედნიერდა სეპარატისტული მთავრობა, ძალიან გაბედნიერდა რუსეთი. თან, ბარამიძე გვიმტკიცებს, რომ არაფერი არ შეიცვლება, მიღებულია ყველა დეკლარაცია და არაფერი არ შეიცვლება. ისეთი მაღალჩინოსანი, როგორც იყო შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხუთგზის დეპუტატი, კიდევ რაღაც ჯანდაბის მინისტრი. ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, ასეთ რამეს რომ აბრალებს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს, აბრალებს სრულიად უპრაგონოდ, იგონებს იმას, რომ თითქოს რაღაც ტყვეებს ცვლიდა. ყოველთვის ეკვეტებოდა, მაგრამ არაფერს არ აკეთებდა, მხოლოდ კამერების წინ პოზირებდა. ეს არის მინიმუმ სხვა ქვეყნის შეკვეთის შესრულება. თან უბედურება ის არის, რომ ერთ დღეს სისულელით მოუვიდა და ბევრი ცდილობს, რომ "გააპრავოს", სააკაშვილმა ციხიდანაც სცადა და თქვა - სწორად ვერ გადმოსცაო. მაგრამ, მეორე დღესაც იგივე გაიმეორა. სავარაუდოდ, მას აქვს შეკვეთა რომელიღაც კონკრეტული ქვეყნიდან და ამ შეკვეთას ბოლომდე ასრულებს. ეს საკმაოდ წარმატებულია, როგორც სეპარატისტული მთავრობისთვის, ისე რუსეთისთვის", - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრი, ომის ვეტერანი როზმან ლოლაძე აცხადებს, რომ ომის დანაშაულის ასეთი ფაქტის შესახებ მეომართა კავშირში არ სმენიათ და თუ ბარამიძეს ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, მას შეეძლო ეს თავის დროზე გამოეძიებინა.

"როგორც კი დაიწყო, 1992 წლის 14 აგვისტოს, იმის შემდეგ ჩართული ვიყავი იმ ქმედებებში, რაც აფხაზეთში ხდებოდა. ფაქტი სახეზეა, ომის ჭრილობაა ეს, ივლისის შეტევების დროს მიღებული. ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ ვაჟკაცურად, იბრძოდნენ მთელი აღტყინებით და როგორც ბარამიძემ განაცხადა, უდისციპლინო ჯარი ვერ მოიგერიებდა მარტის შემოტევას, როდესაც რუსული არმია გვებრძოდა ჩვენ. ვერავინ ვერ იხსენებს ფაქტს, ერთი ადამიანი მაინც რომ ყოფილიყო დახვრეტილი, ერთი ადამიანის მიმართ რომ განგვეხორციელებინა ომის საშინელი დანაშაული - დატყვევებული მეომრის მკვლელობა. თუ მას ჰქონდა ასეთი ინფორმაცია, მას ყველანაირად შეეძლო რეაგირება მოეხდინა და გამოეძიებინა ეს დანაშაული. ასეთი ფაქტი ჩვენ არ გვსმენია და არც მეომართა კავშირში არავის არ აქვს ეს ინფორმაცია", - განაცხადა როზმან ლოლაძემ.

დღის ამბები