პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან სავალდებულო ლიცენზიის გარეშე ჯამში 2 138 771 ლარის ღირებულების ქვიშა/ხრეში მოიპოვეს და რეალიზაცია სხვადასხვა კომპანიებზე განახორციელეს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული თანხა დანაშაულის შენიღბვის, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით მათ მიერვე წინასწარ შერჩეული იურიდიული პირების ანგარიშებზე ჩარიცხეს, შემდგომ კი საკუთარ და მათთან დაკავშირებული პირების ანგარიშებზე გადარიცხეს. ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 2 235 507 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ოთხი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო ორი ბრალდებული სხვა დანაშაულისთვის სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთო ჯამში შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად, რასაც მოჰყვა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.