"ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და მათთვის რუსეთთან დაკავშირებული რიტორიკა მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად შეიცვალა.
"კარგად გახსოვთ სააკაშვილი, ხოშტარია, ჯაფარიძე, რეებს საუბრობდნენ, უვიზო მიმოსვლა გაუხსნეს ცალმხრივად რუსეთს, ჩვენი სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, ხვდებოდნენ რუს ტურისტებს საზღვარზე, ვინაიდან ასეთი ტიპის დავალება ჰქონდათ და რუსოფობები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და თურმე რუსეთი ოკუპანტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში შეიჭრა.
ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არა აქვს დამატებით რა გააკეთა სხვა ქვეყანაში რუსეთმა. დღემდე რუსეთი არის ოკუპანტი, ეს მოცემულობა და ეს მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ და ყველას იმასაც შევახსენებ, რომ მოღალატეობრივ რეზოლუციას როგორ მოუწერეს ნაცებმა ხელი, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, ხოლო ქართულმა ოცნებამ მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი სტრასბურგშიც და ჰააგაშიც, მოვხსენით ეს რისკები ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე რაც იდგა და რუსეთი გამოცხადდა ოკუპანტად. მდიდარი ენჯეოები, კოლექტიური ლომჯარია-გიგაური, ვისაც ვეძახით, ჩვეულებრივად განუყოფელი ნაწილი არის ამ აგენტურული ოპოზიციის. სინქრონში მოქმედებენ, დავალებებს ერთი და იგივე ძალებისგან იღებენ და, შესაბამისად, რა რიტორიკაც და რა ნარატივიც აწყობთ აგენტურულ ოპოზიციას, ზუსტად იგივე რიტორიკას და ნარატივს ატარებს ეს მდიდარი ენჯეოების კლანიც. როდესაც შეცვალეს მათ მიდგომები, აგენტებზე მაქვს საუბარი, ისე შეცვალა აგენტურულმა ენჯეო სექტორმაც. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ სინქრონში.
მათ დამოუკიდებლად არანაირი აზრის გამოთქმის საშუალება და უფლება არ აქვთ, და ეს არის ის ხვედრი, რა ხვედრიც აქვს აგენტს: რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან, მათ აზროვნების უნარი აქვთ აკრძალული და, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ მოქმედებდნენ მხოლოდ დავალებების და ინსტრუქციების შესაბამისად.“- აღნიშნა მაჭავარიანმა. მან ისაუბრა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ "რუსულ ფულს სუნი არ აქვს" და აღნიშნა, რომ "ასეთი განცხადებები არქივში მრავლად მოიძებნება. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მათ ინსტრუქციები შეეცვალათ".
ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი რეზოლუციისგან განსხვავებით, "ქართულმა ოცნებამ" სტრასბურგსა და ჰააგაში ყველა პროცესი მოიგო. „ჩვენ გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გადატვირთეს ურთიერთობა. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, შეგნებულად არ ჩამოვთვლი, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა და აგენტურასაც უფლება არ ჰქონდა, რომ ხმა ამოეღო. დავამატებ "გირჩი" ჯაფარიძის თავხედურ განცხადებას, რომ თურმე რა პრობლემაა იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების მფლობელები გახდნენ რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიები, ხომ? ასეთ სითავხედეებსაც კადრულობდნენ ისინი. შესაბამისად, შეიცვალა დღის წესრიგი, გადაწყდა რუსეთის გაშავების კამპანია უკრაინაში შეჭრის მერე და მხოლოდ მას შემდეგ გახდა რუსეთი ოკუპანტი მათთვის. ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო აგვისტოს ომის შემდგომაც და ოკუპანტი არის დღესაც. კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ მოვუგეთ სტრასბურგში და ჰააგაში რუსეთს ის პროცესები, სადაც უკვე ოფიციალურად, ყველა დოკუმენტში რუსეთს დაერქვა ოკუპანტი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.