"უცხოური აგენტურის მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა" - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ამ ყველაფერს კანონის ჩარჩოებში უნდა დაუპირისპირდეს, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე მმართველი გუნდი აქტიურად იმსჯელებს.
საუბარია ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფი წინა კვირას შეიქმნა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეროვნულ ღირებულებებსა და იდენტობას ქართველი ხალხი იცავს. მისივე თქმით, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ხოლო საზოგადოების გადასაწყვეტია, როგორ შეაფასებს ამ პოზიციებს.
"არანაირი მორალური უფლება არ აქვთ რაიმე ფასეულობებზე ილაპარაკონ. ეროვნულ ღირებულებას და იდენტობას იცავს ქართველი ხალხი. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ საზოგადოებას აქვს იმის უნარი და საშუალება, რომ შეაფასოს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე.