31 ივლისი 2026,   19:21
ვრცლად
ე.წ. კანონიერ ქურდს, აკაკი ტუღუშს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ე.წ. კანონიერ ქურდს, აკაკი ტუღუშს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ტუღუშთან კავშირში მყოფი სხვა ბრალდებულების მიმართაც.

ქურდული სამყაროს მხარდაჭერაში მხილებული პირების ნაწილმა კი გამოძიებასთან ითანამშრომლა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საქმე ეხება საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდის" დავალებით ერთ-ერთი პატიმრის, დავით მიქაძის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას. პენიტენციურ დაწესებულებაში მიქაძის მოთავსების შემდეგ "კანონიერი ქურდის" მითითებით განხორციელდა მისი შევიწროება და შეურაცხყოფა. ამ საქმეზე დამატებით 10 წელი მიესაჯა ბადრი ნათობაძეს, რომელიც აქამდე 19 წლიან სასჯელს სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის იხდიდა.

პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად დაეყრდნო ბრალდების მტკიცებულებებს და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და ამ საქმიანობის მხარდაჭერისათვის.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და "კანონიერი ქურდობისათვის", ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისათვის ბრალდებულები ცნო დამნაშავედ. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა კაკო ტუღუშმა, ქურდული სამყაროს წევრებს დაავალა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ განეხორციელებინათ სადამსჯელო მოქმედებები", - აცხადებს პროკურორი. 

დღის ამბები