30 ივლისი 2026,   01:04
ვრცლად
"ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ჰყავს მოწმე - გამომძიებელი" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, სადაც მოწმეები იკითხებიან.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მომავალ კვირას, ბრალდების მხარე, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

"გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ჰყავს მოწმე, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი.

კონკრეტულ გამომძიებელს ჩატარებული აქვს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ის მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრებს სასამართლოს წინაშე და გასცემს დასმულ კითხვებს პასუხს.

პრაქტიკულად შემდგომ კვირაში, ბრალდების მხარე დაასრულებს ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევას", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

დღის ამბები