ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეროვნული ინტერესების დამოუკიდებლად გატარებას შეუზღუდავს. მისივე თქმით, ქვეყანამ ევროკავშირთან არსებულ კურსს უნდა გადახედოს და ნეიტრალური სტატუსის შესახებ ახალი დისკურსი დაიწყოს.
„საქართველო აქამდე ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად ახერხებდა, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები დაეცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი ზეწოლა, შანტაჟი. ჩვენ გადავიტანეთ არაერთი რევოლუციური ფაზა, მაგრამ, პოტენციურად წევრობის შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ დეიურეც ჩვენივე ნებით უნდა ვთქვათ უარის თეორიულ შესაძლებლობაზეც, რომ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელოთ ეროვნული ინტერესებით ჩვენი ქვეყნის მართვა. ეს იქნება შეუძლებელი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება "ჯეო ექსიტი" ამ ევროკავშირის კურსიდან, ევროილუზიისგან საბოლოო გათავისუფლება იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსით და ევროინტეგრაციის საგარეო კურსად კვლავ შენარჩუნებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ ბანაკის წევრებად, ასეთად აღვიქმებით, რაც ხელს გვიშლის მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოებაში, მოქნილი საგარეო პოლიტიკის სრულფასოვნად განხორციელებაში. ახლა არაა კითხვების დასმის დრო, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა. ხელისუფლებამ საერთაშორისო გლობალური დღის წესრიგში ახალი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს შესახებ და ეს იქნება ახალი დისკურსი საქართველოს ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით“, - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.