27 ივლისი 2026,   17:47
ვრცლად
კონკრეტულ კომპანიებს თუ ჰქონდათ გარკვეული აქტივები საქართველოში, ეს არ ცვლის წინა ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს - ირაკლი ფავლენიშვილი

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია "ინტერ რაო" შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.

ენერგოკომპანიას საქართველოში რამდენიმე აქტივი აქვს. "ინტერ რაო ეესი" ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელსაც ეკუთვნის "თელასის" და "თელმიკოს" აქციები. კომპანიის საკუთრებაშია "ხრამი 1-ისა" და "ხრამი 2-ის" ჰიდროელექტროსადგურები.

"ქართულ ოცნებაში" წინა ხელისუფლების ნაბიჯებს ანტისახელმწიფოებრივს და მოღალატეობრივს უწოდებენ. იხსენებენ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთზე გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც ქვეყანას პრობლემებს დღემდე უქმნის.

"ქართული ოცნების" ბრალდებებს სპეკულაციად აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, ვინც პუტინის მოწინააღმდეგე იყო.

"სპეკულაციაა, თითქოს, საქართველოს წინა ხელისუფლებას რუსეთთან რამე თანამშრომლობა ჰქონდა. თუ ვინმეს ვერ იტანს და ვინმე იყო პუტინის მოწინააღმდეგე არის მიხელი სააკაშვილი. ეს იცის მთელმა მსოფლიომ.

კონკრეტულ კომპანიებს თუ ჰქონდათ გარკვეული აქტივები საქართველოში, ეს არ ცვლის წინა ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აისახებოდა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და გავლენაზე, რომელიც რუსეთს შეიძლება ჰქონოდა აქ. ახლა არის ეს გავლენა მასშტაბური და საგანგაშო", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები