27 ივლისი 2026,   17:49
ვრცლად
სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, თავდასხმა, მათ შორის, პატრიარქზე, ეკლესიაზე, ამის გამართლება არც მორალურია და არც სამართლებრივი - არჩილ გორდულაძე

საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა - საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მათი მიზანი სიწმინდეების, ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა. მოძრაობის წევრებმა ისაუბრეს ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც მათი თქმით, გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ქართველიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოების მიერ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ადამიანების, მათ შორის შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფის გამართლება არც მორალურად და არც სამართლებრივად არის დასაშვები.

"კიდევ ერთხელ, კარგია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება და ხმას იმაღლებს მიზანმიმართულ, დაორგანიზებულ შეტევაზე ქვეყნის კულტურისა და წარსულის წინააღმდეგ და ყველა იმ ღირებულებაზე, რომელიც საქართველოს საქართველოდ, ქართველს ქართველად აქცევს და საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქედ. სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, თავდასხმა, მათ შორის პატრიარქზე, მათ შორის ეკლესიაზე, ამის გამართლება არც მორალურია და არც სამართლებრივია.

ნებისმიერი პირი, რომელსაც ჰგონია, რომ არის ხუმრობა სხვა ადამიანების შეურაცხყოფა და განსაკუთრებით შშმ პირები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ხუმრობა ჰგონია მას, რომ ეს არის წესი და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გაუგონარი სიტყვების თქმა ჰგონია, რომ ეს არის იუმორის ჟანრი და გამაიმუნება არის მათი პოზიციისა, ამ ყველაფრის გასაჟღერებელი ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი ჰგონიათ სიტყვის თავისუფლება, ისეთივე მორალური დამნაშავეები არიან, როგორც ის პირები, რომლებიც ამ ყველაფერს სჩადიან", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები