26 ივლისი 2026,   23:11
ვრცლად
დაკარგული, მიტოვებული ან უპასუხისმგებლო პატრონის მიერ ქუჩაში დატოვებული ოთხფეხა მეგობარი - საქართველოში ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, მიზანი, პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვაა

გამოყარეს და აღარ დაინტერესდნენ შეძლებდნენ თუ არა მათთვის უცხო და ხშირად სახიფათო გარემოში გადარჩენას. ველურ გარემოში ტოვებენ ლეკვებსაც და დიდებსაც, მეტისებსაც და ჯიშიანებსაც.

უპასუხისმგებლო პატრონები დროულად არ უტარებენ ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაციას და საბოლოოდ, ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობაც იზრდება. ამიტომ, საქართველოში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანიც მიუსაფარი და პატრონიანი ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვა, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენცია, ცხოველთა იდენტიფიკაცია და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის ცენტრის შექმნამდე იყო საპილოტე პროგრამა, რომელმაც სპეციალისტების თქმით, გაამართლა. პროგრამის წარმატება კი ციფრებში აისახა და მასში ჩართული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა წელს გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა.

გამოიკვეთა დამატებითი საჭიროებებიც, ამიტომ, სააგენტომ სრულიად უფასოდ, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია-იდენტიფიკაციაც დაიწყო და ოთხფეხების პატრონებს, სერვისი, როგორც კერძო ვეტერინარულ კლინიკებში, ისე საველე პირობებშიც შესთავაზა. ეს მიმართულება ცხოველების მიკვლევადობის მიზნით დაინერგა.

პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში კიდევ რამდენიმე თავშესაფარი აშენდება.

ძაღლების უკონტროლო გამრავლების შემცირების და ცოფისა თუ სხვა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პროგრამა მაქსიმალურ გამჭვირვალობასაც მოიცავს. ინფორმაცია ცხოველის აყვანა-დამუშავება-დაბრუნებაზე, განრიგი, ლოკაციები და ვიდეომასალა, მუდმივად განახლების რეჟიმში ქვეყნდება ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

ძაღლების პოპულაციის მართვის ასეთი მოდელი მიუსაფარი ცხოველების ჰუმანური გზით ეტაპობრივ შემცირებას ემსახურება. მისი მიზანია, ქვეყანაში ცოფის კონტროლი გაძლიერდეს და ამასთან ერთად, დაცული იყოს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ისე ადამიანის მეგობარი ოთხფეხების კეთილდღეობა.

დღის ამბები