27 ივლისი 2026,   17:47
ვრცლად
სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთსა" და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურმა დირექტორმა ნათია ფარცვანიამ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციების მიღება, ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო ჩარევების განხორციელება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩაერთვება ერთობლივ სოციალურ აქტივობებში და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას გაუწევს სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ბენეფიციარებს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.

მემორანდუმის ხელმოწერას სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთისა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები