26 ივლისი 2026,   23:11
ვრცლად
მომავლის პროფესიები - Coursera-ს პლატფორმა, ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრები და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

თუ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ახალგაზრდა პროგრამისტს საფიჩხიიდან ნიუ-იორკში ემუშავა, დღეს ეს უკვე რეალობაა.

ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება იმ პროფესიებს შორისაა, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამიტომ, ქუთაისში შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების გავლა, საერთაშორისო სერტიფიკატების მიღება და ისეთი უნარების შეძენა, რომლებიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის.

ახალგაზრდა პროგრამისტებს უკვე შეუძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიაში სახლიდან გაუსვლელად იმუშაონ.

სავარდო და სამაისო ქალაქ ქუთაისში შეუძლებელია გიტარის ხელში აღება არ მოგინდეს. ზაალ ჩხაიძეც ასეა, საყვარელ ქალაქს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ყოველდღე უმღერს.

18 წლის არის, უკვე დასაქმდა კიდეც და სამსახურიც სახლში აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში პროგრამირებით დაინტერესებულ ამ ახალგაზრდას თავისი ლეპტოპით მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია, ახლაც, საფიჩხიიდან ნიუ-ორკში მუშაობს.

ზაალ ჩხეიძემ პროგრამირების არაერთი კურსი გაიარა, მაგრამ Coursera-ს კურსები და მისი სერთიფიკატი ყველაზე მნიშვნელოვანია.

Coursera - მსოფლიოში ცნობილი პროგრამა სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. შექმნეს ისეთმა  გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა, როგორებიცაა Google, Cloudy, Amazon, Microsoft.... ყველას, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცოდნის შეძენა სურს, კურსებზე შეუძლია უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს.

ქუთაისის მომავალი თაობა მომავლის პროფესიებს ყოველდღიურად ეუფლება, ავითარებს უნარებს და მუშაობს იმისთვის, რომ სავარდო და სამაისო ქალაქი ხელოვნური ინტელექტის - AI ჰაბად გადაიქცეს. ამ საქმეში კი, ლომის წილი, ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ნებულა AI ​ ჰაბს შეაქვს.

ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა და ნებულა AI ​ჰაბმა Coursera-ს კურსები საქართველოში ექსკლუზიურად შემოიტანეს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალგაზრდები ცოდნას ძირითადად სახლიდან გაუსვლელად ეუფლებიან, სწავლის პროცესის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, დროდადრო პროგრამის მონაწილეებს მენტორებიც ეხმარებიან.

უკვე წლებია ჭიათურასა და ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრები მომავალ თაობებს შესაძლებლობას აძლევს, ძვირადღირებული საერთაშორისო კურსები სრულიად უფასოდ გაიარონ და მაღალანაზღაურებად პროფესიებს დასაქმების რეალური პერსპექტივით დაეუფლონ.

საქართველოს მასშტაბით, ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა უკვე 1200-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა წვდომა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე. როგორც ნებულა AI ​ჰაბში გვიყვებიან, გლობალურმა განათლებამ რეგიონში ეკონომიკური ეფექტი უკვე მოიტანა. ამ დიდი პროექტების მთავარი მხარდამჭერი "ჯორჯიან მანგანეზია".

საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში, მალე, ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება და იქ ფუნქციონირებას ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი და ნებულა განაგრძობს.

Coursera-ს პლატფორმაზე 1 200-ზე მეტი უფასო ლიცენზიით და პროგრამით ისარგებლეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებმა. 5 000-მდე ბენეფიციარი, 50 -ზე მეტი დასაქმებული და 10 ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი, ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ანგარიშზეა. წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია და მოლოდინი, რომ ქართულმა ინოვაციურმა და ციფრულმა პროდუქტებმა გლობალურ ბაზარზე ქართული კვალი დატოვოს.

დღის ამბები