26 ივლისი 2026,   22:57
ვრცლად
გადაცემა, რომელზე მუშაობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს საამაყოა - "კურიერი P.S." კადრს მიღმა

ცისფერი ეკრანის მიღმა, საეთეროს მონიტორებთან, ადამიანებმა ერთი არხის კედლებში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს. აქ როდის მოვიდნენ აღარც კი ახსოვთ, სათვალავიც აერიათ. ყოველ კვირას, როცა საათის ისრები 9 საათს მიუახლოვდება, საეთეროში ჯადოსნურ პულტთან განსაკუთრებული სამზადისი იწყება.

ოთახში შეკრებილი ადამიანები ძალას და ღონეს არ იშურებენ მაღალრეიტინგული გადაცემის მოსამზადებლად. კვირიდან კვირამდე აგროვებენ ამბებს და თქვენთან შესახვედრად ემზადებიან გადაცემის უცვლელი წამყვანების ტანდემით.

სისწრაფე, რისკი და ადრენალინი არხის ოპერატორების ყოველდღიურობაა. 

გადასაღებ მოედანზე მათ თვალს არაფერი გამორჩება, რაც წამებს ისტორიად აქცევს, ამბების შემგროვებლებად იქცევიან და ეპოქალურ მოვლენებს კადრებად სამუდამოდ შემოინახავენ. ასე შემოუნახეს არქივს ლუკა ჩადუნელმა და ხათუნა გაგნიძემ პატრიარქის დაკრძალვის დღეს გადაღებული ერთი სიუჟეტიც, რესპონდენტებით, რომელიც დღემდე არავის ჩაუწერია.

ლუკა ჩადუნელი "კურიერი P.S -ის" გუნდის შედარებით ახალი წევრია, თუმცა გადასაღებ მოედანზე უკვე ბევრი საინტერესო თავგადასავალი დაუგროვდა.

ერთმანეთის მხარდამხარ გუნდურად მუშაობა მათი ყოველდღიურობაა. შედეგად, ხშირად შეუსრულებელი მისია სრულიად რეალური ხდება, თუნდაც გადასაღებად უმცირესი დრო გქონდეს, მაგრამ ახალი როლი - კამერის მეორე მხარეს, ობიექტივის წინ დგომა მაინც არ მოსწონთ. მაგალითად ოპერატორ გიორგი გუჯაბიძეს.

გამოხმაურება და მაღალი რეიტინგია, რაც მარიკა გოცირიძის რეპორტაჟებს ნამდვილად არ აკლია. ისეთი რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, მთელი ქალაქი რომ მათზე საუბრობს - სალონებში, მაღაზიებში, გაჩერებებზე, ვარსკვლავების ცხოვრებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

"კურიერი P.S."-ში ექსკლუზივებიც მრავლადაა და თავიდან გაცოცხლებული დავიწყებული ძველი ამბებიც.

"კურიერი P.S."-ის ოპერატორები საუცხოო კადრებს იღებენ, თუმცა ვერ თუ არ გადაღებულ კადრებსაც არ ივიწყებენ.

გადაცემა ეთერში შეუფერხებლად რომ გავიდეს, ოპერატორების ოსტატობაა საჭირო, რომლებიც სტუდიის კამერების მიღმა დგანან, ეკრანზე გამოჩენა დიდად არ სურთ.

"კურიერი P.S."-ის ყველა რგოლი მნიშვნელოვანია, ვინც სტუდიაში კამერასთან დგას, ვინც სამონტაჟოში კადრს კადრს უხამებს. 

ჭარხალა, იგივე ირაკლი მემონტაჟე, მისი ნამდვილი სახელი აქ არავის ახსოვს. ხანდახან გგონია, რომ ორის ნაცვლად 8 ხელი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიუჟეტი ვერ ესწრება, თუმცა ეთერში მაინც დროულად გადის.

ჩემპიონ მემონტაჟეებზე, ყველა კადრს გულდასმით რომ არჩევენ, აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ჩვენი ჟურნალისტი ლუკა ჩანგელია, მას შემდეგ, რაც მაყურებელს ახალ ამბებს გააცნობს, სამონტაჟოში ადის, სადაც შეუცვლელი მემონტაჟე ლიკა გოგიშვილი ხვდება.

რა მოხდება მსოფლიოს ცხელ წერტილებსა და კონფლიქტის ზონებში - გლობალური პოლიტიკის ამბებს მაყურებელს ყოველ კვირას ნათია ჩეხერია უყვება. სანამ სტუდიაში შევა, ლეპტოპში დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

ხშირად ჩვენთან ისეც ხდება, რომ მაღალი ქუსლებიდან სპორტულ ფეხსაცმელზე გადადიან და კარიერის მთავარი გოლებიც ასე გააქვთ. მაგალითად მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატს ექსკლუზიურად "რუსთავი 2" უჩვენებს.

"კურიერი P.S."-ის ობიექტივში ჩემპიონების ექსკლუზიური ინტერვიუებიც ხვდება, მაგრამ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი მირიან ბოქოლიშვილი სხვა მიმართულებით არის ნამდვილი ჩემპიონი.

ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის - აქ ყველა ადამიანი გუნდის მთლიანობას განსაზღვრავს.

არც საჭის მართვაა მარტივი, ეს ადამიანები არხის ისტორიას ქმნიან და ხშირად სიუჟეტის შინაარსსაც განსაზღვრავენ. 

აქ შეუსრულებელი მისიაც არ არსებობს, "კურიერი P.S."-ის წარმატებას ბევრი ადამიანის შრომა განაპირობებს, მათ შორის, არხის სიამაყის, გიორგი ქორქიას და მისი შეუცვლელი ოპერატორის. სად არ ყოფილან და რა აღარ გადაუღიათ, მათ ობიექტივში თითქმის მთელი საქართველოს მთა და ბარი მოხვდა.

"კურიერი P.S."-ის ოპერატორების და ამბის მთხრობელების თავგადასავალი კვირიდან კვირამდე, სიუჟეტიდან სიუჟეტამდე გრძელდება, მოსაყოლი თქვენთვის კიდევ ბევრი გვაქვს. ვაპირებთ, ახალი სეზონიდან ისევ თქვენი ოჯახების სტუმრები ვიყოთ, ყოველ კვირას, ტრადიციულად 9 საათზე და ყველაზე საინტერესო თემებით.

დღის ამბები