22 ივლისი 2026,   23:51
ვრცლად
ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან - საქართველო ჩინურ ტურისტულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს

ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები და ქართული კერძები - ეს არის ის, რაც საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. ვიზიტორების ნაკადი არ წყდება. საქართველოს მიმართ ტურისტების ინტერესს ავიარეისების რაოდენობა და აეროპორტებში მგზავრთა რიგებიც ადასტურებს.

სამოგზაუროდ მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ყველა მათგანს განსხვავებული ინტერესების სფერო აქვს. საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველია ინფლუენსერებისთვის. იღებენ ფოტოებს, ვიდეოებს და შემდეგ სოციალური ქსელებით მთელ მსოფლიოს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

უკვე იცის, როგორ გააცნოს მსოფლიოს საქართველო ჩინელმა ინფლუენსერმა. ტანგ ჯინგი ისტორიულ შენობებზე, ტრადიციულ კერძებზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე ფოტოკოლაჟებსა და ვიდეორგოლებს მოამზადებს, შემდეგ კი ფართო აუდიტორიას საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე მოუყვება.

ახალგაზრდა ჩინელი ბლოგერი საქართველოში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა. ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა ფრენამ საქართველოში ხშირად ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

შანხაიდან საქართველოში ჩამოფრინდნენ ტუროპერატორებიც. 12-კაციანი დელეგაცია ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. უკვე ცნობილია, რომ ჩინური ტურისტული კომპანიები საქართველოში სამოგზაუროდ ჯგუფურ პაკეტებს მოამზადებენ.

შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეისი 15 ივლისიდან დაფრინავს - კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სახის მარკეტინგულ და ციფრულ კამპანიებს გეგმავენ. ამ სახის აქტივობების შედეგია ის, რომ წელს საქართველო შანხაიში აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე - ITB China 2026-ზე - პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა.

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში ჩინეთიდან 54 554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%-ით მეტია. მეორე კვარტალში სტატისტიკა 3.2%-ით გაიზარდა.

დღის ამბები