დაწყებითი კლასის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდებიან. სექტემბრიდან, პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის ფორმა სავალდებულო იქნება. გადაწყვეტილების მიზანი - სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფაა, რასაც მოსწავლეების მშობლები დადებითად აფასებენ.
პიჯაკები, შარვლები და ქვედაბოლოები- ასეთი იქნება ახალი სასკოლო ფორმები, რომლებსაც მოსწავლეები სწავლის პროცესში მოირგებენ.
საწარმოო პროცესი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მოიცავს- ჭრას, ქარგვას, კერვასა და დამუშავებას.. თითოეულ ეტაპზე ხორციელდება ხარისხის მკაცრი კონტროლი. პირველი პარტია ჩინეთიდან - საქართველოში უკვე გამოიგზავნა.
პირველ ეტაპზე, სასკოლო ფორმების 70 000 მდე ერთეულს, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ელოდებიან. რეალიზება კი 1 სექტემბრიდან დაიწყება. პირველი სემესტრის განმავლობაში ახალი ფორმებით უზრუნველყოფილი ექვსივე კლასი იქნება.
2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმა ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა სავალდებულო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასკოლო რეფორმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტი იქნება.