25 ივლისი 2026,   19:52
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატის შეურაცხყოფის ბრალდება - ვახო სანაიას სასამართლომ 2-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ვახო სანაიას საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მივიდნენ. ვერდიქტი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა და სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თავად სანაია პროცესს არ ესწრებოდა. პოლიციამ ის საკუთარ სახლთან დააკავა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ სასამართლოს იმ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მიმართა, რომლებსაც სანაია საჯარო სივრცეში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მისამართით აჟღერებდა.

სანაიას მხრიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უხამსი და ღირსების შემლახველი პოსტების ადრესატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ. მოსამართლემ სრულად გაიზიარა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს არგუმენტები. ირკვევა, რომ სანაიასთვის ეს პირველი კანონდარღვევა არ არის. ორი ადმინისტრაციული ოქმი და ჯარიმა, რომელიც საქალაქო სასამართლომ სანაიას განუსაზღვრა, 6 000 ლარის ოდენობის ფინანსურ სახდელს ითვალისწინებდა. ის სანაიამ არ გადაიხადა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ვერდიქტი სხდომათა დარბაზში მოისმინა ბადრი შუბლაძემ, რომელსაც სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში განმარტავენ, რომ უწყებამ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ღირსების შემლახველი განცხადებები მონიტორინგის შედეგად გამოავლინა. მოპოვებული მტკიცებულებები და არგუმენტები კი მოსამართლეს წარედგინა.

თვეზე მეტია შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სპეციალური სამმართველო საჯარო სივრცეში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს იკვლევს. უწყებამ 200-ზე მეტი საქმე უკვე შეისწავლა. სააგენტოს მიზანი საზოგადოებაში სიძულვილის ენის პრევენცია და პოლარიზაციის შემცირებაა.

დღის ამბები