პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, "რუსთავი 2-თან" საკუთარ პროგნოზებსა და მოლოდინებზე საუბრობს. მან, ასევე, "რუსთავი 2-სა" და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა, რომ მათი ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს მატჩის ნახვა შეუძლია.
"ძალიან საინტერესო ფინალური მატჩი იქნება, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორი განსხვავებული სტილის ნაკრები ითამაშებს, მაგრამ ორივე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს ამ ძალიან მაგარი მატჩის ნახვით.
მადლობა "რუსთავი 2-სა" და თბილისის მერიას, რომ ჩვენს გულშემატკივარს აქვს საშუალება, რომ ერთად შეგვიძლია ვიხილოთ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში. მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ გუნდებს
რამდენიმე საათში საფეხბურთო სამყარო ახალ ჩემპიონს გაიცნობს - დიდი სპორტული დღესასწაულის კულმინაციას მილიონობით გულშემატკივარი "რუსთავი 2-ზე" იხილავს. მინიმუმ 90 წუთი, 2 ნაკრები და 1 მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელსაც ესპანეთში ან არგენტინაში ჩაიტანენ.
დღეს სწორედ ესპანელები და არგენტინელები იბრძოლებენ მსოფლიო ფეხბურთის უმთავრესი ტიტულისთვის - ერთს, მეორე მსოფლიო ჩემპიონობა სურს, მეორეს კი მორიგი მსოფლიო ტიტულის მოპოვება. 2 ღირსეული მეტოქე ტურნირის ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მივიდა, დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე ერთი მიზნით გადის - სანაკრებო ისტორიაში ახალი წარმატება ჩაიწეროს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი და MetLife Stadium - შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება. მთავარი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ემზადება თბილისი და, რაც მთავარია, "რუსთავი 2," რომელიც უკვე 1 თვეა საფეხბურთო რიტმით ცხოვრობს. ქართველ ქომაგებს, სწორედ ჩვენი არხის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს, ნებისმიერ ეკრანზე, მათ შორის ფან ზონებსა და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. შეკრების ერთ-ერთი ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით, დამონტაჟებულია დიდი ეკრანი და მოწყობილია სპეციალური, კვების ზონები.