18 ივლისი 2026,   21:10
ვრცლად
ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.

შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მიმართა და სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სამეცნიერო კვლევების შედეგები და თანამედროვე აგროტექნოლოგიები ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრების საშუალებით მათ ვუზიარებთ იმ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებელია ახალი ვენახების სწორად გაშენების, მათი ეფექტიანი მოვლისა და ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

სამუშაო შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძეც ესწრებოდა. მან მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედ ახალ რეგულაციებსა და დარგის განვითარებაში მეცნიერებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოსთვის სტრატეგიული დარგია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, რადგან ვენახის სწორად გაშენება, მოვლა და საბოლოოდ მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა ზურაბ ვაჭარაძემ.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის მეცნიერ-სპეციალისტებმა მონაწილეებს ქვემო ქართლის ვაზის ადგილობრივი ჯიშების პოტენციალი, სავენახე ნიადაგების თავისებურებები, მათი მართვის თანამედროვე მიდგომები და ვაზის ინტეგრირებული დაცვის პრინციპები გააცნეს.
მონაწილეებმა ჯიღაურას საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს, სადაც ქართული ვაზის გენეტიკური რესურსია დაცული. ასევე გაიმართა ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი და პერსპექტიული ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.

დღის ამბები