16 ივლისი 2026,   06:26
ვრცლად
საკონტროლო შესყიდვის არაერთი ფაქტი და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები - საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 121 პირი დააკავეს

27 წლის რეალიზატორი დარწმუნებული იყო, რომ აივნიდან ნარკოტიკი კლიენტს მიაწოდა, თუმცა ე.წ. ფაქტი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. პოლიციამ მისგან საკონტროლო შესყიდვით "ალფა-პვპ" შეიძინა. რამდენიმე წუთში კი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ის ნარკოტიკულ საშუალებებს სახლიდან გაუსვლელად ასაღებდა.

ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში კიდევ 120 პირი აიყვანა, მათ დასაკავებლად ერთდროული სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ირკვევა, რომ 121-დან 59 რეალიზატორია. ისინი ნარკოტიკებს საცხოვრებელ სახლებში, სადარბაზოებში, ავტომობილებში, მოსასვენებელ სკვერებში ასაღებდნენ, არ ერიდებოდნენ კლიენტურასთან შეხვედრას ქუჩაში დღის საათებში. ნარკოდამნაშავეებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

"ალფა-პვპ", "კოკაინი", "კეტამინი", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა", მცენარე "კანაფი" სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოიღეს, მათ შორისაა ის ნარკოტიკებიც, რომლებიც გამსაღებლებს სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ დატოვებული. სამალავებთან დაკავებულებმა პოლიცა თავად მიიყვანეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის და დანაშაულის ფაქტის ამსახველი კადრები დღეს გასაჯაროვდა.

ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემა და სამალავებში დადება - ნარკოდამნაშავეები, ნარკოტიკის გავრცელებისთვის ძირითადად ამ ორ მეთოდს იყენებდნენ, თუმცა პოლიციამ გაარკვია, რომ ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკს საზღვარგარეთიდან იწერდა, იმისთვის, რომ შემდეგ დაეფასოებინა და საქართველოში გაეყიდა. სამართალდამცველებმა გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთმტკიცებებიც ამოიღეს.

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ყოველდღიურად ტარდება. ცნობილია დანაშაულის გამოვლენისა და ნარკოდამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის სტატისტიკაც.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით 85%-ით გაზრდილია.

დღის ამბები