14 ივლისი 2026,   01:10
ვრცლად
გიორგი ტყემალაძე: ქალაქის წარმატება არ იზომება მხოლოდ აშენებული გზებით, შენობებით ან პროექტების რაოდენობით. ქალაქის წარმატება იზომება იმით, რამდენად კომფორტულად და ღირსეულად ცხოვრობს მოსახლეობა

თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსიაში - "წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები" მიიღო მონაწილეობა. 

ფორუმი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, სატარიფო პოლიტიკაზე და ა.შ. 

დედაქალაქის ვიცე-მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები საფუძვლიანად ხორციელდება, რაც გულისხმობს როგორც დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის გამოცვლას, ისე სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო ქსელის განახლებას. 

"თბილისი სწრაფად იზრდება. იზრდება მოსახლეობა, ეკონომიკური აქტივობა, მშენებლობები და ქალაქის სივრცითი არეალი. მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი უბნების განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ახალი ხიდების, მეტროსადგურების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და ქუჩების რეაბილიტაცია. ქალაქისთვის ყველაზე ძვირი შეცდომაა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა რამდენიმე თვეში წყლის ან წყალარინების ქსელის გამოცვლის გამო ხელახლა იჭრება. ეს ნიშნავს დამატებით ფინანსურ ხარჯს, დისკომფორტს მოსახლეობისთვის, სატრანსპორტო შეფერხებებს და მუნიციპალური რესურსების არაეფექტიან გამოყენებას. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ურბანული განვითარების ყველა მსხვილი პროექტი თავიდანვე იყოს შეთანხმებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებთან. მხოლოდ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ერთხელ შესრულებული სამუშაო იყოს ხარისხიანი, გრძელვადიანი და ეკონომიკურად ეფექტიანი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

მისივე თქმით, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს შორის არის მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება და ქალაქის სწრაფი ტემპით ზრდა, რაც საინჟინრო ქსელების დროულ განვითარებას მოითხოვს.

"ჩვენი ხედვით, ყველაზე ეფექტური გზა ამ გამოწვევების დასაძლევად, პარტნიორობა და ინტეგრირებული დაგეგმვაა. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი, დარგობრივი ინვესტორი, მარეგულირებელი და ყველა პასუხისმგებელი უწყება პროექტის დაწყებამდე შეთანხმდნენ პრიორიტეტებზე, საინვესტიციო გეგმებზე, ტექნიკურ გადაწყვეტილებებსა და სამუშაოების თანმიმდევრობაზე. ქალაქის წარმატება არ იზომება მხოლოდ აშენებული გზებით, ახალი შენობებით ან განხორციელებული პროექტების რაოდენობით. ქალაქის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად კომფორტულად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრობს მისი მოსახლეობა. თუ გვინდა, თბილისი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავლის ქალაქი, აუცილებელია, რომ ურბანული განვითარება, წყალმომარაგება, წყალარინება, ტრანსპორტი და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურა განვიხილოთ როგორც ერთი, ურთიერთდაკავშირებული სისტემა. სწორედ ამ მიდგომას შეუძლია, უზრუნველყოს როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის რეალური გაუმჯობესება", - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა. 

დისკუსიაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორის, სხვადასხვა კომპანიის, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები