13 ივლისი 2026,   16:58
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცავი ნაგებობები, რომლებიც მწყობრში იყო და სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა ღვარცოფის მთავარი ნაკადი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თელავში, ღვარცოფის შედეგად შენობების დაზიანებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ღვარცოფდამცავმა ნაგებობები რამდენიმე წლის წინ გაიწმინდა, რამაც ქალაქს ძირითადი დარტყმა აარიდა.

"ვერ გეტყვით რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ახლა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს - თავად ეს შენობები დაზიანდა, თუკი რამე იყო უკანონო. პირველ რიგში, დასადგენია თუკი იყო რაიმე უკანონო მშენებლობა, მეორე - ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და მესამე - რა კავშირი აქვს ამას სტიქიის შედეგებთან. პრემიერ-მინისტრს ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ ღია და პირდაპირი პასუხი - ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული. თვითონ პრემიერ-მინისტრისგან მიიღეთ პასუხი, რომ ამ საკითხს გამოიკვლევენ, ასე რომ, მგონი, ამაზე მაღალი ინსტანცია ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად არ გაქვთ. მან განაცხადა, რომ ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი.

მე მოვიკითხე, და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცავი ნაგებობები. სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა ამ ღვარცოფის მთავარი ნაკადი, მათ შორის, ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს იხერგება ხოლმე და ეს ხეები შემდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს დაგუბებისთვის და ღვარცოფის დარტყმის გაძლიერებისთვის. ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ, სამივე მათგანი გაიწმინდა. მე რაც მოვიკითხე, 4 წლის წინ იყო გაწმენდილი, მწყობრში იყო და მწყობრში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო მან ძირითადი მასის შეკავება, თუმცა თავად ეს სტიქია იმხელა იყო... თუ არ ვცდები, 3-4 საათი იყო წვიმა - რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები