"გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც განვაცხადეთ და 143-მა სახელმწიფომ ერთობლივად დაადასტურა, რომ ირანის ქმედებები საერთაშორისო სამართალს არღვევს" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი გაეროში, მაიკ უოლცი აცხადებს.
მისი თქმით, მსოფლიო იზიარებს შეერთებული შტატების პოზიციას, რომ მსგავსი ქცევა მიუღებელია.
"ვფიქრობ, ირანს კვლავაც მიაჩნია, რომ შეუძლია, გლობალური ეკონომიკა ერთგვარ ბერკეტად გამოიყენოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც განვაცხადეთ და 143-მა სახელმწიფომ ერთობლივად დაადასტურა, რომ ირანის ქმედებები საერთაშორისო სამართალს არღვევს.
მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა კონფლიქტის მხარე, არ გაქვთ უფლება, ყველა მიმართულებით გახსნათ ცეცხლი, თავს დაესხათ მეზობლებს, სამოქალაქო გემებსა თუ ინფრასტრუქტურას, ჩაყაროთ ნაღმები საერთაშორისო წყლებში და მოიქცეთ როგორც უპასუხისმგებლო, გენოციდური რეჟიმი - რაშიც მათ ყოველთვის ადანაშაულებდნენ.
შესაბამისად, მსოფლიო იზიარებს შეერთებული შტატების პოზიციას, რომ მსგავსი ქცევა მიუღებელია. პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს იყო ვალდებულებების შესრულებაზე დაფუძნებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ირანი ამ პირობებს არ ასრულებს, ამიტომ ყველა შესაძლო ზომა კვლავ განხილვის საგანია და მაგიდაზე დევს. ამის დასტური ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედებებშიც ვიხილეთ." - განაცხადა მაიკ უოლციმ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე