თელავში, გაწმენდითი და საპრევენციო სამუშაოები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი არ შეჩერებულა მთელი ღამის განმავლობაშიც.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან ზაუტაშვილის თქმით, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გაიწმინდება საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოები.
"მობილიზებულია ტექნიკა სრული შემადგენლობით, მძიმე ტექნიკა მათ შორის. რაც მთავარია, სტიქიის შედეგად, კორპუსებში სადაც ძირითადად მოსახლეობა არის განთავსებული, მათ ეზოებში შექმნილ პრობლემებთან მიმართებაში კეთდება აქცენტი. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე, მოსახლეობის კორპუსებთან შექმნილი პრობლემები სრულად აღმოფხვრილი იქნება. დანარჩენი სამუშაოებიც, შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ალბათ უკვე შედეგი გვექნება და ყველა მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული" - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი.
სტიქია თელავსა და მიმდებარე რამდენიმე დასახლებას კვირას გამთენიისას დაატყდა თავს — დანგრეულია გზები, ხიდები, ნაგებობები, დაზიანებულია სავაჭრო სივრცეები, განადგურებულია ხეხილი და ვენახი. უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია.