სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს თელავში, სადაც გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე ვითარება კავკასიონის ქუჩაზეა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის, წყლის დონემ დაიწია და გზა ქვა-ღორღისგან იწმინდება.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია.
თელავში უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი, რომელმაც პირველი შეხვედრა უკვე გამართა. სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფება კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ზარალის აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, გარკვეული ქუჩების მდგომარეობა შესასწავლია, რადგან მათი ნაწილი წყალმა გამორეცხა.
"ყველა შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო მუშაობა. შექმნილია ოპერატიული შტაბი. ჩართულნი არიან ცენტრალური სამინისტროები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი ქვედანაყოფებით.
სექტორებადაა დაყოფილი, თუ სად რა მიმართულებით რა ტექნიკის გამოყენებაა საჭირო. დღის განმავლობაში, წყლის კლებასთან ერთად, ეს სამუშაოები უფრო ინტენსიური გახდება.
ზოგადად, შესასწავლია მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა, ხევის გასწვრივ ქუჩები იმიტომ, რომ ამ ქუჩების გარკვეული მონაკვეთები წყალმა გამორეცხა. ეს ქუჩები გადაკეტილია, რომ მოძრაობა არ იყოს და საფრთხე თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები, გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამ დრომდე, მოძრაობა აკრძალულია ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში. აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათი ევაკუაცია განხორციელდა.