10 ივლისი 2026,   22:00
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ში გრძელდება - ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის გარეთ, რეფორმების საბჭოში რჩება, თინა ბოკუჩავა კი პარტიის შიგნით ფორმალურად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად

რისი გაკეთება სურთ "ნაციონალური მოძრაობისგან" - ყოფილ მმართველ პარტიაში სრული ქაოსია, ერთმანეთს სატელევიზო ეთერებით ელაპარაკებიან და პარტიის რეფორმას აკისრებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პარტიული მანდატის ტარება არ უნდათ. ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ განაცხადა, რომ 6 თვიანი ციკლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობას დათანხმდება, თუმცა ერთი პირობა აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, უნდა განაცხადოს, რომ ქართველი პოლიტიკოსია. უნდა თქვას, რომ პრემიერობის კანდიდატია, მაგრამ ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს უკრაინის პასპორტით არც ამის უფლება აქვს - ასეთი იდეები ჟორჟოლიანს ბევრი აქვს, მაგრამ ლეგიტამიციისთვის სააკაშვილისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის გარეთ, რეფორმების საბჭოში რჩება, თინა ბოკუჩავა კი პარტიის შიგნით, ფორმალურად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

ასე შეცვალა მოცემულობა რეალურმა ლიდერმა - ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმე, რასაც ბოკუჩავამ თავიდანვე არათანმიმდევრულობა უწოდა. რეფორმატორთა საბჭოში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს, მაგრამ ახლა ხედავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის ნებასაც უგულებელყოფს და კანონსაც. თინა ბოკუჩავასთვის სააკაშვილის დაანონსებულ ცვლილებებს სამართლებრივი პრობლემებიც აქვს და პოლიტიკურიც.

იდეები უკვე აქვს, თუმცა გამხელას ერიდება. სამაგიეროდ, არ ერიდება ღიად თქვას, რომ პარტიას მიხეილ სააკაშვილის სრული ჩართულობა და ახალი სახეები სჭირდება. ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ ერთეულები ხედავენ საფრთხეს - ახლებმა გვერდით გაწიონ ძველები.

ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა - ეს მმართველი პარტიის შეფასებაა უკრაინის მოქალაქის მცდელობაზე, ახლა საკუთარ პარტიაში შექმნას რეფორმების საბჭო, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" უპარტიო "ნაციონალების" ხელით, ფუნდამენტურად უნდა გარდაქმნას.

ნანუკა ჟორჟოლიანს ოპოზიციური კოალიციის შექმნის ამბიციაც აქვს, პარალელურად კი, სხვების შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს დესტრუქციულს უწოდებს. საპასუხოდ გვარამია წერს, რომ ის, ვინც გაერთიანებას ებრძვის, საბოტაჟს უწყობს ოპოზიციის სამი მიმართულების სტრატეგიას. ამ სტრატეგიას ხელისუფლება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ დამოკიდებულებად აფასებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელსაც ამყარებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის მხრიდან, ქვეყნის ღალატს სამართლებრივ დონეზე სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

სააკაშვილის რეფორმის ფარგლებში გაკეთდა განაცხადი, რომ უნდა გაერთიანდნენ სხვა პარტიებთანაც, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. თუმცა, ერთობა მთავარ გამოწვევად ჯერ თავად "ნაციონალური მოძრაობისთვის" რჩება. ყრილობა დაგეგმილია, პროცესები კი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

დღის ამბები