10 ივლისი 2026,   17:49
ვრცლად
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც დათქმული ვადების დაცვას, ისე შესრულებული სამუშაოების ხარისხს. ამის შესახებ მინისტრმა ერთ-ერთ ტელეარხთან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

"პროექტების დათქმულ ვადებში განხორციელებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მიუხედავად იმისა, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია ასრულებს მას, უნდა შესრულდეს უმაღლესი ხარისხით. ხარისხი ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრები უხარისხო პროდუქტში დაიხარჯოს და არ მივიღებთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმების განხორციელების აქტიურ ეტაპზეა და სექტორის გაჯანსაღება ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს - სახელმწიფო რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ ხარჯვას, ასევე პროცესების სრულ გამჭვირვალობასა და მაღალი ხარისხის შედეგის უზრუნველყოფას.

"ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს თითოეული თეთრი დაიხარჯოს ეფექტიანად, პროცესები იყოს გამჭვირვალე, ყველასთვის გასაგები და საბოლოოდ ქვეყანამ მიიღოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა" - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პრინციპული დამოკიდებულების ნათელი მაგალითია სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის გურიის მონაკვეთი, რომლის მიღებაც ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების გამო გადაიდო.

"რადგან ხარისხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები გვქონდა. კონტრაქტორმა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად ყველა ხარვეზი გამოასწორა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროექტის დასრულება. უახლოეს დღეებში ოფიციალურად გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 6-კილომეტრიან მონაკვეთს“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტრომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებისთვის სექტორში საქმიანობა უფრო ხელსაყრელი, კომფორტული და კონკურენტული გამხდარიყო. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მოთხოვნები უცვლელია და თითოეულმა კონტრაქტორმა მკაცრად უნდა დაიცვას როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები, ისე ხარისხის სტანდარტები.
„ჩვენ შევქმენით კომპანიებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები, თუმცა მათგანაც ველით პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს მოთხოვნები ვადებთან და ხარისხთან დაკავშირებით არის მკაფიო და ამ საკითხებში არანაირი კომპრომისი არ იქნება“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო უწყებების ხელმძღვანელები რეგულარულად იმყოფებიან სამშენებლო ობიექტებზე, პირადად აკონტროლებენ მიმდინარე სამუშაოებს და აქტიურად არიან ჩართული მონიტორინგის პროცესში, რათა ყველა პროექტი დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.

 

დღის ამბები