10 ივლისი 2026,   12:30
ვრცლად
სასამართლო ე.წ. ქურდული სამყაროს საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილის აღკვეთის ღონისძიებას დღეს განსაზღვრავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილის აღკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. 9 პირს წინასწარი პატიმრობა გუშინ უკვე შეეფარდა.

"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 9 ბრალდებულს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა, რომ ბრალდებულები ახორციელებდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობას. ერთ-ერთი მათგანი აწყობდა ქურდულ გარჩევებს, მოდავე მხარეებს უკავშირდებოდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით, რის შემდეგაც, "ქურდული" გარჩევის გზით, იმ პირს, რომელსაც გაამტყუნებდა, მატერიალური სარგებლის გადახდას აიძულებდა," - აღნიშნა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.

საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა - მათგან 29 დაკავებულია, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს", დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

დღის ამბები