10 ივლისი 2026,   02:17
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია, სადაც მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების პირველი და მეორე სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.

"განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მაქსიმალურად მოემზადა იმისთვის, რომ 2026 წლის გამოცდები შესაბამის დონეზე ყოფილიყო ორგანიზებული, კერძოდ, ნებისმიერი აპლიკანტისთვის ყოფილიყო გარემო, სადაც შესაბამის კომპეტენციის უნარს, დადასტურებას მოახდენს კომფორტულ გარემოში. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს", - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

თამარ მახარაშვილთან ერთად, საგამოცდო ცენტრებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე მაჩიტიძე იმყოფებოდა.

2026 წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს 29 000-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს.

დღის ამბები