აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები სირიას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსს მოუხსნის. ინფორმააციას CNN ავრცელებს.
რუბიოს თქმით, ადმინისტრაციამ კონგრესს უკვე აცნობა განზრახვის შესახებ, გააუქმოს აღნიშნული სტატუსი 45-დღიანი წინასწარი შეტყობინების ვადის გასვლის შემდეგ.
"სირიისთვის სანქციების მოხსნა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას, სირიას აღდგენის შესაძლებლობას მისცემს და სირიელი ხალხისთვის ახალ ეტაპს გახსნის. სტაბილური და ერთიანი სირია, რომელიც მშვიდობიან თანაცხოვრებაშია როგორც საკუთარ თავთან, ისე მეზობლებთან, სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს", - ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.
კონგრესში ამ სტატუსის გაუქმებისკენ მიმართული ორპარტიული მოწოდებები ისმოდა; კანონმდებლები აცხადებდნენ, რომ 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ამ სადამსჯელო ხასიათის კვალიფიკაციის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული სტატუსის გაუქმების შესახებ ოთხშაბათს, ანკარაში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში სირიის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრისას ისაუბრა.