საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე.
შალვა პაპუაშვილმა სერბულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე არსებული გამოწვევები. ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი უკვე რამდენიმე წელია ელოდება ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში წინსვლას, რაც რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო ფერხდება. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ავითარებს ეკონომიკას, ახორციელებს რეფორმებს და მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის სერბეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში.