02 ივლისი 2026,   22:00
ვრცლად
პირველმა სესიამ უსაფრთხოდ და მშვიდ გარემოში ჩაიარა, სამწუხაროდ, წელსაც რამდენიმე აბიტურიენტის დაგვიანების ფაქტი დაფიქსირდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღეა. ქვეყნის მასშტაბით 24-ვე საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა მიმდინარეობს.

მეორე სესია ცოტა ხნის წინ დაიწყო. აბიტურიენტების საერთო რაოდენობა წელს 43 ათასზე მეტია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ მემანიშვილის განცხადებით, გამოცდების პირველმა სესიამ უსაფრთხოდ და მშვიდ გარემოში ჩაიარა.

"პირველმა სესიამ, რომელიც 9 საათისთვის გვქონდა აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული, უსაფრთხოდ და მშვიდ გარემოში ჩაიარა, რაიმე ისეთ ფაქტის დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, როგორც წინა წლების შემთხვევაში, წელსაც რამდენიმე აბიტურიენტის დაგვიანების ფაქტი დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა ცენტრისთვის. ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ რაიმე გამონაკლისი შემთხვევა დაუშვას ამ აბიტურიენტების სასარგებლოდ. ამიტომ, ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ მომდევნო სესიების შემთხვევაში თადარიგი დაიჭირონ და წინასწარ გამოცხადდნენ გამოცდაზე", - განაცხადა თამარ მემანიშვილმა.

დღის ამბები