ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - როგორც იცით, ბრიუსელის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია. ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დასუსტებულია. რატომ ისჯება საქართველო და არის თუ არა მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად?
როგორც საქსმა განაცხადა, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი პოლტიკური ძალა უნდა, რომელიც მათ მითითებებს შეასრულებს.
"საქართველოს ერჩიან რადგან შავი ზღვის სანაპიროზე ხართ. 2008 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას ცდილობდა, არავის უხსენებია აზერბაიჯანი, სომხეთი, საუბარი ეხებოდა საქართველოს, რატომ? რადგან არსებობდა ამერიკული გეგმა რუსეთის ალყაში მოქცევის მიზნით, შავი ზღვის რეგიონში. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო შექმნიდნენ წინაღობას და რუსეთს ალყაში მოაქცევდნენ. რუსები სულელები ხომ არ არიან, მიხვდნენ საქმე რასთან ჰქონდათ. ეს უკვე მეორე მცდელობა გახლდათ. 1853 წელს ბრიტანელებს და ფრანგებს იგივე იდეა ჰქონდათ, ვგულისხმობ ყირიმის ომს. რატომ მოხდა ყირიმის 1853 წლის ომი? რადგან ბრიტანელებს სურდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევება, სევასტოპოლის ალყაც ამიტომ იყო. როდესაც რუსეთმა წააგო, ორი საინტერესო მოვლენა ვნახეთ; 1856 წლის სამშვიდობო შეთანხმებით, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის დაშლა დაეკისრა, ეს იყო გეოპოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ზუსტად იგივე თამაშს ეწევა, თამაში რომლის მოგებაც შეუძლებელია და სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება, ვინაიდან ამას რუსეთი არ დაუშვებს. რუსეთში კარგად ესმით რა თამაშია. მეორე საინტერესო დეტალია, რომ 1856 წელს, სევასტოპოლის დაცემის შემდეგ, რუსეთის დანებების შემდეგ, ბრიტანელი პრემიერი პალმერსტონი კავკასიას უმიზნებდა, ნაპოლეონ მესამემ კი მიუგო, რომ ომი ეყოთ და ეს ამბავი ასე დასრულდა. მაგრამ ბრიტანელები ამბობდნენ, რომ ფლოტი საქართველოსკენ უნდა გამოეგზავნათ, რადგან ბრიტანეთს ჰქონდა იმპერიული იდეა. ეს გახლდათ იმპერიათა ჭიდილი. საქართველო ამ განსაკუთრებულ როლში თქვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის მიზეზითაა მოქცეული. თქვენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხართ გეოგრაფიულად ვიდრე აზერბაიჯანი, ან სომხეთი. თქვენ შავი ზღვის სახელმწიფო ხართ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მათთვის მნიშვნელოვანი ხართ სიღრმისეულად. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნატოს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ევროპა ძალიან უხეშად ერევა თქვენს შიდა საქმეებში! სწორედ ამიტომ სძულთ გამჭვირვალობის კანონი. უნდა ვაღიარო, რომ ეს სწორი კანონია, ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები არ გახლავთ. ისინი სამთავრობო ორგანიზაციებია, ეს ვიცი, რადგან მათთან 30 წელია საქმე მქონია. სწორედ მათი მეშვეობით ერევა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების საქმეებში. მე ეს არ მომწონს, მსურს საქართველო იყოს სუვერენული, უსაფრთხო, დაცული, ბრიუსელის ჩარევისგან თავისუფალი. ბრიუსელი შორსაა, ვინ მისცა მათ უფლება ჭკუა დაგარიგონ, ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ დიდ თამაშთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს," - განაცხადა ჯეფრი საქსმა.