თბილისი საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.
ღონისძიებას უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია ესწრება მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფარმაციისა და სხვა სექტორებიდან.
საქართველოდან ფორუმში კი 250-ამდე კომპანია მონაწილეობს. ბიზნეს ფორუმზე იმართება პრეზენტაციები საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გახსნა.
უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი როქსანა ნესორმა განაცხადა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.
"ვფიქრობთ, ასეთი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ თანამშრომლობის პოტენციალი უზბეკეთსა და საქართველოს შორის. ასევე, გავაცნოთ ქართველ პარტნიორებს უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობები. ეს არის საუკეთესო პლატფორმა ინფორმაციის გასაზიარებლად და იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ თანამშრომლობა უზბეკურ კომპანიებთან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის" - განაცხადა როქსანა ნესორმა.