სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, არქეოლოგებმა, რომლებიც სომხეთის შუა საუკუნეების ანბერდის ციხესიმაგრეში მუშაობენ, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს, მონეტასთან ერთად ნაპოვნია ადამიანის ჩონჩხი და არტეფაქტები, რომლებიც შუა საუკუნეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის.
წყაროს ცნობით, აღმოჩენები გაკეთდა ანბერდის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და გათხრითი სამუშაოების დროს.
"ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორის არის თამარ მეფის გამოსახულებიანი მონეტა. თამარი იყო XII-XIII საუკუნეების სახელგანთქმული მონარქი, რომლის მმართველობის პერიოდი შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის ზენიტი იყო მთელს რეგიონში. ეს აღმოჩენა სამხრეთ კავკასიის ურთიერთდაკავშირებული ისტორიის კიდევ ერთ ხელშესახებ დასტურად იქცა.
გათხრების შედეგად ასევე გამოვლინდა ციხესიმაგრის შიდა თავდაცვით კედელთან დაკრძალული ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი. არქეოლოგების თქმით, ჩონჩხი თითქმის 90%-ითაა შემონახული, მხოლოდ თითების ძვლები აკლია. კბილების მდგომარეობაზე დაყრდნობით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პიროვნება ახალგაზრდა იყო.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის, "ტამას" (რომელიც თანამედროვე შაშსს ჰგაგავს) ნაწილები. ეს არტეფაქტები, შესაძლოა, ციხესიმაგრეში არსებული დასვენებისა და გართობის იშვიათ მტკიცებულებას წარმოადგენდეს, რაც ნათელს ჰფენს მის მკვიდრთა ყოველდღიურ ცხოვრებას ომისა და თავდაცვის მიღმა.
ანბერდში არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მკვლევარები აგრძელებენ იმ არტეფაქტების აღმოჩენას, რომლებიც სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ისტორიის აღდგენაში გვეხმარება", - აღნიშნულია სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე