30 ივნისი 2026,   22:41
ვრცლად
სამ წელიწადში 20-წლიანი პარტნიორობა დაანგრია, იმედი მაქვს მისი წასვლა იქნება საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი - შალვა პაპუაშვილი

"სამ წელიწადში 20-წლიანი პარტნიორობა დაანგრია" – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საქმიანობას აფასებს.

პაპუაშვილის თქმით, ელჩმა უპატივცემულობა გამოიჩინა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რისი დასტურიცაა ის, რომ დიპლომატმა თანამდებობის დატოვებისას ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან დამშვიდობება არ ისურვა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ პეტერ ფიშერის მიერ საქართველოში მისიის დასრულება გერმანიასთან ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისი იქნება.

"ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ჩვენ ვნახეთ, რომ ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა და ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა.

რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არა ერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში 20 წლიანი პარტნიორობა დაანგრია. მე იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, თუ რამხელა მადლიერებაა ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს. ჩვენ გვახსოვს, ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა 3 წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

დღის ამბები